19.05.2022 რელიზი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საჯარო სხდომაზე, სს „თელასის“ შესაბამისობის ოფიცერმა კომპანიის მიერ შესაბამისობის პროგრამის განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ მომზადებული წლიური ანგარიში წარადგინა. შესაბამისობის ოფიცრის ანგარიშის მიხედვით, სს „თელასში“ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამო ქმედებები დაფიქსირდა, კერძოდ კომპანიაში დღემდე არ არის უზრუნველყოფილი საქმიანობების სრულყოფილად განცალკევება. აღნიშნული წარმოადგენს კანონისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ დამტკიცებული სს „თელასის“ შესაბამისობის პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შეუსრულებლობას.
საქმე ეხება სს „თელასის“ მიერ ისეთი ღონისძიებების არასრულყოფილად განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს სს „თელასის“, როგორც გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო), როგორც მიმწოდებელი საწარმოს საქმიანობის განცალკევებას.
კომისიამ სს „თელასს“ დაავალა შესაბამისობის ოფიცრის რეკომენდაციების გათვალისწინება და გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოფხვრა უმოკლეს ვადაში.