20.05.2025 რელიზი

20 მაისი, 2025

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დღეიდან მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა იუსტიციის სახლის მეშვეობით მიმართონ შპს „საქართველოს მელიორაციას“ ყველა სახის განაცხადით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალში ადგილზე გაეცნენ მელიორაციის სერვისების გაცემის პროცესს.

იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შეუძლიათ:

  • დარეგისტრირდნენ აბონენტად;
  • გამოითხოვონ პირადი ინფორმაცია ბრუნვის ისტორიიდან;
  • გადაამოწმონ დარიცხვა;
  • მოითხოვონ დავალიანების გადანაწილება;
  • მოითხოვონ მომარაგების ტექნიკური ხარისხისა და აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება;
  • მიაწოდონ „საქართველოს მელიორაციას“ მომარაგების ხშირი წყვეტის შემთხვევაში ინფორმაცია;
  • მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა ან აღდგენა.

მარეგულირებელი კომისია მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს განუმარტავს, რომ განაცხადზე რეაგირების გარეშე დატოვების ან/და მომსახურე კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ კომისიას იუსტიციის სახლის იმავე სივრციდან.

კომისიისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის მიზანია მელიორაციის მომსახურებების მიღების პროცესის გამარტივება. იუსტიციის სახლის 124 ფილიალსა და 20 მობილური იუსტიციის სახლში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მარტივად და სწრაფად მიიღონ შესაბამისი სერვისები როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში - მათ შორის, "საქართველოს მელიორაციის" კომპანიის საქმიანობის განხორციელების ზონებშიც.

მარეგულირებელი კომისია უკვე მესამე წელია არეგულირებს მელიორაციის სექტორს. რეგულირების შედეგად, საირიგაციო წყლის მართვა გახდა გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა და თავიდან აიცილონ ის რისკები, რომლებიც წინა წლებში დაკავშირებული იყო წყლის უმიზნოდ, განუსაზღვრელი რაოდენობით მოხმარებასა და არასამართლიან განაწილებასთან.