21.09.2023 რელიზი

21 სექტემბერი, 2023

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი წყლის მარეგულირებელთა ევროპული ასოციაციის (WAREG) ასამბლეაზე სიტყვით წარდგა. მან შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს წყალმომარაგების სექტორის განვითარების პერსპექტივებისა და ამ კუთხით, მარეგულირებელი კომისიის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი ფანგანმა ისაუბრა სატარიფო მეთოდოლოგიის სამიზნე მაჩვენებლებზე, რომელიც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების სექტორის მოკლევადიან და ეფექტიან განვითარებას. შეხვედრაზე წარდგენილ პროექტს WAREG-ის წევრთა მიერ დადებითი შეფასება მიეცა.

WAREG წარმოადგენს უმსხვილეს წყლის ასოციაციას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებსა და სამთავრობო უწყებებს. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას წევრ და დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ასოციაციის წევრი და დამფუძნებელია. მარეგულირებელ კომისიასთან ერთად ასოციაციის წევრ-დამფუძნებლები არიან ბელგიის, ირლანდიის, უნგრეთის, ლიეტუვის, ლატვიის, რუმინეთის, პორტუგალიის, იტალიის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების მარეგულირებელი კომისიები.