2.11.2021 რელიზი

2 ნოემბერი, 2021

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით გიორგი ფანგანი აირჩია. იგი კომისიის წევრის თანამდებობას მეორე ვადით, მომდევნო 6 წლის განმავლობაში დაიკავებს.    

კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე  გამოცხადებულ კონკურსში გიორგი ფანგანისკანდიდატურა შეირჩა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის წარდგინებით, კომისიის წევრობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრი აირჩია რეგლამენტით დადგენილი წესით.  

გიორგი ფანგანი პროფესიით იურისტია. მას აქვს კომისიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი ენერგეტიკის სექტორში საქმიანობს 2005 წლიდან. წლების განმავლობაში გიორგი ფანგანს სხვადასხვა პოზიციები ეკავა მარეგულირებელ კომისიაში, ხოლო 2015 წელს საქართველოს პარლამენტმა იგი ხმათა უმრავლესობით სემეკის წევრად, პირველი ვადით აირჩია.

გიორგი ფანგანი მონაწილეობდა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე სხვადასხვა ნორმატიული აქტების შექმნაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებაში. მისი ინიციატივით შემუშავდა პროექტები, რომებიც მიზნად ისახავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და კომპანიების მხრიდან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. გიორგი ფანგანი ორი წლის განმავლობაში იყო ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) პრეზიდენტი, ასევე ხელმძღვანელობდა კომისიაში განხორციელებულ არაერთ საერთაშორისო პროექტს, ხოლო ამჟამად არის ევროკავშირის დაფინანსებით კომისიაში მიმდინარე მეოთხე დაძმობილების პროექტის ლიდერი საქართველოს მხრიდან.

გიორგი ფანგანს ჰყავს მეუღლე და 6 შვილი.