23.07.2020 სხდომის შედეგები
23 ივლისის საჯარო სხდომაზე კომისიამ დღისწესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა.
კომისიამ რამდენიმე მცირე კომპანიისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები დაადგინა:
შპს „მამედის“ ახალი სამომხმარებლო ზღვრული ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 46.997 თეთრი/მ3-ს; მიწოდების ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 28.410 თეთრი/მ3-ით; განაწილების საქმიანობის ტარიფი - 9.523 თეთრი/მ3--ით; ტრანსპორტირების ტარიფია 1.895 თეთრი/მ3 (შპს „მამედის“ ამჟამად მოქმედი სამომხმარებლო ტარიფია 52 თეთრი/მ3). შპს „მამედისთვის“ დადგენილი ახალი ტარიფები ამოქმედდება 2020 წლის 1 აგვისტოს და ძალაში იქნება 2023 წლის 1 იანვრამდე.
შპს „ყამარი მ“-ს ახალი სამომხმარებლო ზღვრული ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 46 თეთრი/მ3-ს; მიწოდების ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 26.040 თეთრი/მ3-ით; განაწილების საქმიანობის ტარიფი - 11.048 თეთრი/მ3--ით; ტრანსპორტირების ტარიფია 1.895 თეთრი/მ3 (შპს „ყამარი მ“-ს ამჟამად მოქმედი სამომხმარებლო ტარიფია 51 თეთრი/მ3). შპს „ყამარი მ“-სთვის დადგენილი ახალი ტარიფების მოქმედების ვადაა 2020 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდი.
შპს „ჩირაღდანის“ ახალი სამომხმარებლო ზღვრული ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 48.998 თეთრი/მ3-ს; მიწოდების ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 30.084 თეთრი/მ3-ით; განაწილების საქმიანობის ტარიფი - 9.545 თეთრი/მ3--ით; ტრანსპორტირების ტარიფია 1.895 თეთრი/მ3 (შპს „ჩირაღდანის“ ამჟამად მოქმედი სამომხმარებლო ტარიფია 54 თეთრი/მ3). შპს „ჩირაღდანისთვის“ დადგენილი ტარიფების მოქმედების ვადაა 2020 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდი.
„ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებით ყველა კატეგორიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფები დერეგულირებულია და ბუნებრივი გაზი მიეწოდებათ ტარიფის დადგენის გარეშე, მიმწოდებელი საწარმოს მიერ საჯაროდ შეთავაზებული პირობებითა და ფასებით. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „გამა“, შპს „გოგოჭური და კომპანია“, შპს „ენერგია +“ ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას ახორციელებენ მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და არ ყავთ საყოფაცხოვრებო მომხმარებლები, მათ ბუნებრივი გაზის მიწოდების და შესაბამისად მოხმარების ტარიფი არ უდგინდებათ, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდება წარმოადგენს დერეგულირებულ საქმიანობას და არ ექვემდებარება კომისიის სატარიფო რეგულირებას.
ასევე, კომისიის სხდომაზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები:
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გეგმური სატარიფო განაკვეთების დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი კომპანიებისათვის მოქმედი ტარიფების ვადა იწურება მიმდინარე წლის 31 დეკემბერს, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სატარიფო მეთოდოლოგიების შესაბამისად, კომპანიებმა სატარიფო განაცხადები კომისიაში წარმოადგინეს დადგენილი ტარიფების ვადის გასვლიდან 180 დღით ადრე. ახალი გეგმური ტარიფები ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან.
შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“, შპს „ჯიფაუერისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დადგენის თაობაზე, სს „ენერგო პრო ჯორჯიასათვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე, სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციას“ საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებისთვის - რიონჰესი, ლაჯანურჰესი, ძევრულჰესი, გუმათჰესების კასკადისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის თაობაზე ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 აგვისტო, ხოლო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის ბოლო ვადა - 2020 წლის 29 დეკემბერი.
სს გეს „საქრუსენერგოსთვის“, შპს „ენერგოტრანსისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფების დადგენის თაობაზე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფების დადგენის თაობაზე ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 აგვისტო, ხოლო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადა - 2020 წლის 30 დეკემბერი.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურ ჟინვალჰესისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის თაობაზე, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ წყალმომარაგების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის თაობაზე, შპს „რუსთავის წყალისთვის“ წყალმომარაგების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის თაობაზე, შპს „მცხეთის წყალისთვის“ წყალმომარაგების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის თაობაზე ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 აგვისტო, ხოლო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადა - 2020 წლის 31 დეკემბერი.