25.11.2019 რელიზი

25 ნოემბერი, 2019

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის სამიტზე პრეზენტაციით წარსდგა. USAID-ის ენერგეტიკის პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დავით ნარმანიამ ისაუბრა განახლებადი ენერგიების ხელშემწყობი რეგულაციებისა და ამ მიმართულებით კომისიის როლის შესახებ.

კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად პრინციპებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში განახლებადი ენერგიების ათვისებას გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით. დავით ნარმანიას თქმით, ქვეყნის ენერგეტიკული რესურსების სტრუქტურული პროფილიდან გამომდინარე,  განახლებადი ენერგიების სწორად ორგანიზებულ, დივერსიფიცირებულ გამოყენებაზეა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული ქვეყანაში ენერგეტიკული უსაფრთხოების დონე.

დავით ნარმანიამ მიმოიხილა სხვადასხვა მექანიზმი, რომლებიც ხელს შეუწყობს, ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიის გათვალისწინებით, განახლებადი ენერგიის ხელშემწყობი რეგულაციების განვითარებას. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის წყაროების მშენებლობის საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული წამახალისებელი ფინანსური მექანიზმების შერჩევა-გამოყენება, ასევე გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის ინფრასტრუქტურის, ჭკვიანი ქსელების, საცავი მოწყობილობებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების ხელშეწყობა,  გადამცემ და გამანაწილებელ ქსელზე განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელზე მიერთების სტანდარტული წესების დანერგვა, განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის ქსელზე პრიორიტეტული ან გარანტირებული დაშვების უზრუნველყოფა და ა.შ.

 სამიტზე დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა განახლებადი ენერგიების გამოყენების ხელშეწყობის კუთხით კომისიის მიერ განხორციელებულ საკვანძო რეგულაციებსა და პროექტებზე. მათ შორის აღნიშნა „ნეტო აღრიცხვის“ პროექტი, რომელში ჩართული მიკროსიმძლავრის წყაროების რაოდენობაც მზარდია. ამჟამად განახლებადი ენერგიების საყოფაცხოვრებო მოხმარების სისტემაში ჩართულია 130 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.   

USAID-ის ენერგეტიკის პროგრამის მიერ ორგანიზებული სამიტი საქართველოში 25-26 ნოემბერს იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანია საქართველოში ქარისა და მზის ენერგიის პოტენციალისა და შესაძლებლობების დემონსტრირება.