27.03.2020 რელიზი

27 მარტი, 2020

2020 წლის 27 მარტის სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა.

დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისათვის -  შპს „გამასა“ და შპს  „დი-ვი-ეს“-ისთვის ბუნებრივი გაზის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით. კომპანიებს სემეკის ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე ტარიფი პირველად დაუდგინდებათ და წარმოადგენს გეგმურ პროცესს.  აღნიშნულ საკითხებზე ნორმატიული ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტების - დადგენილებების თაობაზე კომისიაში, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 29 აპრილი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღების - დადგენილებების გამოცემის ბოლო ვადად, მიმდინარე წლის 2 სექტემბერი.  

ასევე, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" კომისიის 2014 წლის 6 მარტის #6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

კომისიამ წყალმომარაგების კომპანიების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები განსაზღვრა

მოქალაქეებისათვის სასმელი წყლის მიწოდების საიმედოობისა და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ წყალმომარაგების კომპანიების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები დაამტკიცა. კერძოდ, კომპანიებს განესაზღვრათ საკვანძო მაჩვენებლების არსებული დონე და სამიზნე ნიშნულები.

წყალმომარაგების ლიცენზიანტები ვალდებულნი იქნებიან კომისიას წარუდგინონ  საინვესტიციო პროექტები, რომლებიც მიზნად უნდა ისახავდეს არსებული სიტუაციის სამიზნე მაჩვენებლამდე გაუმჯობესებას. 

კომისიის მიერ დამტკიცებული 11 სხვადასხვა საკვანძო მაჩვენებელი შეეხება მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხს, სასმელი წყლით მომარაგების დაფარვის არეალს, სასმელი წყლის მიწოდების უწყვეტობას, სისტემის დანაკარგებსა და სხვადასხვა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს. წყალმომარაგების კომპანიისათვის საკვანძო მაჩვენებლების ნიშნულები ინდივიდუალურად განისაზღვრა.

საკვანძო მაჩვენებლების საფუძველზე შედგენილი კომპანიების საინვესტიციო გეგმების  შესრულების მონიტორინგს კომისია განახორციელებს.    

კომისიამ სერტიფიცირების წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესები დაამტკიცა. წესები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტია, რომლის შემუშავება კომისიას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დაევალდებულა. სერტიფიცირების წესები  სრულად ითვალისწინებს ევროპის დირექტივების (N2009/72/EC; N714/2009(EC); N2009/73/EC; N715/2009(EC)) მოთხოვნებს.   

„გადაცემის სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესების“ მიზანია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორების სერტიფიცირების პროცედურების, პირობებსა და მოთხოვნების დადგენა. წესებით განსაზღვერულია გადაცემის სისტემის ოპერატორის საქმიანობის განცალკევება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად.   

გადაცემის სისტემის ოპერატორების სერტიფიცირებას, ოპერატორების დამოუკიდებლობისა და  საქმიანობების განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობას კომისია განახორციელებს. სერტიფიცირების პროცესში ჩართული იქნება ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობა (Energy Community).     

ნორმატიული აქტი განსაზღვრავს სერტიფიცირებისათვის აუცილებელ დოკუმენტებსა და ინფორმაციას. ამასთანავე, აღწერს პროცედურებს იმ ენერგეტიკული საწარმოებისთვის, რომლებიც იმყოფებიან მესამე ქვეყნების რეზიდენტი პირის კონტროლის ქვეშ. 

წესები ადგენს სერტიფიცირებაზე უარის თქმის გარემოებებსა და სერტიფიცირების პროცედურის ხელახალი დაწყების შესაძლებლობებს. წესების ფარგლებში შემუშავებულია გადაცემის სისტემის ოპერატორის განცალკევების შესახებ განაცხადის ფორმებიც.