27.03.2026 რელიზი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სს „თელასი“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების აღმოსაფხვრელად ჩატარებული ნორმებთან შეუსაბამო სამუშაოების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 35 ათასი ლარით დააჯარიმა და პრობლემის გამოსასწორებლად ვადა განუსაზღვრა.
სს “თელასის” სალიცენზიო პირობების შესრულების შესწავლის საფუძველი გახდა მოქალაქეთა განცხადებები ქ. თბილისში გ. გაგილაძის ქუჩაზე ელექტროენერგიის ხშირ წყვეტებთან დაკავშირებით. მარეგულირებელი კომისიის სპეციალური ჯგუფის მიერ, კომპანიის მხრიდან წყვეტების აღმოსაფხვრელად განხორციელებული სამუშაოების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სს “თელასის” მიერ ადგილი ჰქონდა სალიცენზიო პირობების დარღვევას.
კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიას დაევალა 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ქვ/ს „მუხიანის“ ფ-16 - 1031/1034 საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.
კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაშ მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების გავლა შესაძლებელია ქოლცენტრის ნომერზე - 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან).









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019