28.05.2019 რელიზი

28 მაისი, 2019

 

აჭარის რეგიონის ელექტროენერგიით საიმედო მომარაგების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომისიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა და სს „ენერგო პრო ჯორჯიასა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს აჭარის რეგიონში ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

ყურადღება გამახვილდა ელექტროენერგიის საიმედო და უწყვეტი მომარაგებისათვის ელექტროგადამცემი ხაზის “ერგე-1”-ის რეაბილიტაციის მნიშვნელობასა და აღნიშნულის შესახებ მოსახლეობის კიდევ ერთხელ ინფორმირების აუცილებლობაზე.

აჭარის რეგიონის ელექტროენერგიის საიმედო მომარაგების შესახებ კომისიამ დღემდე არაერთი შეხვედრა გამართა. კომისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აჭარის რეგიონში, სადაც შეხვდნენ აჭარის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მათთან ერთად იმსჯელეს ელექტროენერგიით საიმედო მომარაგების საკითხებზე, ასევე ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე.