28.05.2020 სხდომის შედეგები
კომისიამ 2020 წლის 28 მაისის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა.
კომისიის გადაწყვეტილებით გაიცა ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ სახელზე. სალიცენზიო პირობების შესაბამისად, სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ უზრუნველყოფს ელექტროენერგიის დღიური და დღით ადრე ბაზრების ორგანიზებას, ელექტროენერგიით ვაჭრობას შიდა ბაზარზე, ასევე მეზობელ ორგანიზებულ ბაზრებთან დაკავშირებასა და ინტეგრაციას. ლიცენზიის ფარგლებში „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ ჩამოაყალიბებს გამჭვირვალე, ხელმისაწვდომ და საიმედო ერთიანი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემას დღით ადრე, დღიური, საბალანსო, დამხმარე მომსახურებების ბაზრებისა და უბალანსობისათვის.
ასევე, ლიცენზია გაიცა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახელზეც ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირების მიზნით. სალიცენზიო პირობების შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უზრუნველყოფს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირებას, ელექტროენერგიის საბალანსო მექანიზმების, შესაბამისი პროდუქტების განსაზღვრას და უბალანსობის საფასურის გაანგარიშებას.
სს „საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე“ ლიცენზიების გაცემის საფუძველია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე კომისიის მიერ დამტკიცებული „ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესი“, რომელიც სრულად ითვალისწინებს ევროპულ დირექტივებს.
გარდა ამისა, ცვლილება შევიდა „კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში.
საჯარო სხდომაზე დამტკიცდა კომისიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში. ანგარიში ატვირთულია კომისიის ვებ-გვერდზე https://gnerc.org/files/Annual%20Reports/2019%20GEO.pdf
ასევე, კომისიამ დააკმაყოფილა სს „თელასის“ მოთხოვნები მიერთების ვადების გაზრდასთან დაკავშირებით