29.05.2025 რელიზი

29 მაისი, 2025

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  საჯარო სხდომაზე 2024 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში მოიცავს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების ძირითად ასპექტებს, რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და კომისიის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების მიმოხილვას. 

კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, 2024 წელს კომისია ინტენსიურად მუშაობდა როგორც რეგულირების გაუმჯობესების, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხით.

„2024 წლის განმავლობაში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით კომისიამ განიხილა არაერთი საკითხი. მათ შორის, მოქალაქეთა საჩივრები, რომლებიც შეეხებოდა კომუნალური კომპანიების მხრიდან უსაფუძვლო დარიცხვებს. კომისია დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მეზობელი ქვეყნების მარეგულირებელ უწყებებთან ურთიერთობას.

არაერთ სიახლესთან ერთად, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს დაინერგა ახალი რეგულაცია, რომელიც შეეხება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის ერთიანი სისტემის დანერგვას. ამასთანავე, ამოქმედდა სტატისტიკის პორტალი, სადაც განთავსდა დეტალური ინფორმაცია როგორც ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების ფაქტობრივი ბალანსების, ასევე ნეტო აღრიცხვისა და ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე მიწოდებული სტატისტიკური მონაცემების შესახებ. მარეგულირებელი კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში მოცემულია სექტორული ანალიზი, რაც საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას მიიღონ დაწვრილებითი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე: https://gnerc.org/ge/commission/commission-reports/tsliuri-angarishebi