29.07.2021 რელიზი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 20 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველია კომპანიის მიერ კომისიის ელექტრონულ ჟურნალში არასრული ინფორმაციის შეყვანა, რაც წარმოადგენს „ლიცენზირების წესისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესისა“ და „მომსახურების ხარისხის წესების“ დარღვევას.
მიმდინარე წლის მარტში მოქალაქემ მომართა კომისიას განცხადებით, რომელშიც მიუთითა რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კობაძეში ხშირი იყო ელექტროენერგიის წყვეტები სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მხრიდან. მომხმარებელმა კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის აგვისტოდან 2021 წლის მარტამდე სს „ენერგო-პრო ჯორჯიისგან“ მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინების თარიღი ავარიულ გათიშვებთან დაკავშირებით. მომხმარებლის განმარტებით, ელექტროენერგიის გათიშვები გაცილებით ხშირი ხასიათის იყო, ვიდრე ამას ასახავდა კომპანიისგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები. აღნიშნული დადასტურდა მოკვლევის შედეგადაც. ამასთანავე, გამოვლინდა, რომ კომისიის ელექტრონულ ჟურნალში კომპანიის მიერ დაფიქსირებული წყვეტების რაოდენობა იყო არაზუსტი და კომპანიას ელექტრონულ ჟურნალში წყვეტებთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაცია არ ჰქონდა შეყვანილი.
კომპანიას განემარტა, რომ მსგავსი ტიპის დარღვევის განმეორების შემთხვევაში, კომისია იმსჯელებს გაორმაგებული ჯარიმის დაკისრების თაობაზე.