30.01.2024 რელიზი

30 იანვარი, 2024

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ კომისიასთან შეთანხმებული 2024-2026 წლების საინვესტიციო გეგმების განხორციელების შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ქ. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, კომისიის წევრები და ქ. რუსთავის მერის მოადგილე.    

მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების შესრულების ვადებსა და ხარისხს კომისია დროის პირდაპირ რეჟიმში გაუწევს მონიტორინგს.

„ვაკონტროლებთ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ რამდენად სრულდება ტარიფში ასახული საინვესტიციო გეგმები. ამ ეტაპზე პროექტების განხორციელება მიმდინარეობს გეგმების შესაბამისად, მიზნობრივად და წესების დაცვით. მარეგულირებელი კომისიის მიზანია, რომ მინიმუმამდე შემცირდეს გათიშვები და ქ. რუსთავის მოსახლეობამ მიიღოს უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი წყალმომარაგება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

2024-2026 წლებში, ქ. რუსთავში კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 45,971,101 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აქტივების მართვის დირექტორის, გიგა ნადირაძის მიერ შეხვედრაზე წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისად, ქ. რუსთავში ქსელის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხები 2024-2026 წლების საინვესტიციო გეგმების 75%-ს შეადგენს. მათ შორის, 2024 წლის განმავლობაში კომპანია წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისათვის 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.