3.05.2022 რელიზი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით მარეგულირებელმა კომისიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სომხეთის მარეგულირებელი კომისიის 25-ე წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში. დავით ნარმანიამ სიტყვით მიმართა მონაწილეებს, მან ხაზი გაუსვა საქართველოს მარეგულირებელ და სომხეთის მარეგულირებელ კომისიებს შორის მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის ეფექტურობას.
გარდა ამისა, კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა სომხეთის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებმა სომეხ კოლეგებს გაუზიარეს გამოცდილება ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის განახლებადი ენერგიების რეგულირების, სატარიფო პოლიტიკის, ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების პროცედურების შესახებ. სხვადასხვა საკითხებზე პრეზენტაციები წარადგინეს მარეგულირებელი კომისიის ელექტროენერგეტიკის, ეკონომიკური ანალიზისა და სატარიფო პოლიტიკის, რეგულირებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტების ხელმძღვანელმა პირებმა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასა და სომხეთის მარეგულირებელ კომისიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.