3.12.2021 რელიზი

3 დეკემბერი, 2021

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა და ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ღონისძიება მიეძღვნა მსოფლიო კონკურენციის დღეს, თემატიკით -  „კონკურენციის პოლიტიკა  ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკისთვის“.

„რეფორმის ფარგლებში ენერგეტიკულ ბაზრებზე ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია რომ დაცული იყოს კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის ეფექტიანი მექანიზმების აღსრულება. ამ მიმართულებით, კონკურენციის სააგენტოს როლი ენერგეტიკულ ბაზრებზე დიდია და აუცილებელია მარეგულირებელ კომისიასა და სააგენტოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, სფეროს ექსპერტები, კოლეგა უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ. 

ამავე ღონისძიებაზე  დავით ნარმანიამ ხელი მოაწერა კონკურენციის მხარდაჭერის და განვითარების მიზნით მარეგულირებლებს შორის შეთანხმებას, რომელიც შეეხება კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების, თანამშრომლობის გაძლიერების, კონკურენციის პოპულარიზაციისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას.

შეთანხმების ხელმომწერი პირები არიან კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი და კომუნიკაციების კომისიის წარმოდგენელი ვახტანგ აბაშიძე.

ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტის მიზანია - ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის ყოველწლიური კონფერენციის ჩატარდება, სადაც უწყებები წლის მანძილზე განხორციელებულ საქმეებს, მიღებულ შედეგებს,  გამოწვევებს განიხილავენ. ასევე, მომზადდება ზოგადი კონკურენტული გარემოს ანალიზი უწყებებს დაქვემდებარებულ სფეროებთან მიმართებაში. შეთანხმების შესაბამისად, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს - ღონისძიება ჩატარდეს ყოველი წლის დეკემბრის თვეში,  კონკურენციის მსოფლიო დღის პარალელურად.