04.01.2021

4 იანვარი, 2021

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა.  საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთი წლის განმავლობაში კომისიაში განხორციელებული სამუშაოებისა და აუდიტის საფუძველზე დადგინდა, რომ კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხის მართვის  მოთხოვნებთან. ამასთანავე, ექსპერტთა დასკვნაში ხაზგასმულია კომისიის თანამშრომელთა მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი, ყურადღება გამახვილებულია კომისიის ახლახანს დანერგილ შეფასების სისტემის ეფექტურობაზე.

კომისიაში ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა 2020 წლის იანვრიდან დაიწყო. ჩატარდა კონსალტინგური სამუშაოები და განხორციელდა სასერტიფიკაციო აუდიტი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც უშუალოდ შეეხება იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის მომსახურების გაწევას, სატარიფო პოლიტიკის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, კომისიის საქმიანობის საჯაროობას,  მომხმარებელთა უფლებების დაცვას, მათ პრეტენზიებზე რეაგირების საკითხებს.  განისაზღვრა კომისიის საქმიანობასა და მის მიზნებთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები. ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტი ეყრდნობა პროცესზე დაფუძნებულ მიდგომას და აერთიანებს PDCA (დაგეგმე-გააკეთე-შეამოწმე-იმოქმედე) ციკლს, ასევე რისკების შეფასებაზე დაფუძნებულ პრინციპებს.

„ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატის მიღება ნიშნავს იმას, რომ კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ISO 9001:2015 სერტიფიკატის მისაღებად კომისიაში განხორციელებულ სამუშაოების პროცესს თუ შევაფასებთ, იგი ინტერაქტიული და შედეგზე ორიენტირებული იყო. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხარისხის მართვის გაუმჯობესება სისტემატურად მოხდება მომხმარებლის მოთხოვნის, ნორმატიული და მარეგულირებელი აქტების შემუშავების პროცესში. საქმიანობის ხარისხის მართვის საკონტროლო აუდიტს კომისია ყოველწლიურად განახორციელებს”, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.  

ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო, უნივერსალური სტანდარტია. მისი ძირითადი პრინციპებია ორგანიზაციის საქმიანობის მუდმივი დახვეწა და გაუმჯობესება, მომხმარებელზე ორიენტაცია, მტკიცებულებებზე დაფუძლებული გადაწყვეტილებების მიღება.