4.04.2024 რელიზი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდა. დღეიდან, კომისიაში წარსადგენი განცხადებების ჩაბარება და განცხადებებზე მარეგულირებელი კომისიის პასუხების მიღება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი. ამავდროულად, ძალაში რჩება კომისიის ოფისში განცხადებების ჩაბარებისა და მათზე პასუხების მიღების შესაძლებლობაც.
მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე ახალი მომსახურების მუშაობის პროცესს იუსტიციის სახლში გაეცნენ. აღნიშნული სიახლის მიზანს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის კომუნალური სერვისების ხელმისაწვდომის გაუმჯობესება. კერძოდ, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ მარეგულირებელ კომისიას მომსახურების პირობის დარღვევაზე რეაგირების მიზნით კომისიაში წარსადგენი განცხადება/საჩივარი ჩააბარონ იუსტიციის სახლში და ამავდროულად, იუსტიციის სახლში მიიღონ კომისიის მიერ განცხადებაზე გამოგზავნილი პასუხები. აღნიშნული მომსახურება უფასოა.
ახალ მომსახურებასთან ერთად, მარეგულირებელი კომისიის და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე - დარეგისტრირდნენ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების აბონენტებად, კომპანიებთან გააფორმონ მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება, გადაამოწმონ კომუნალური დავალიანება, დააფიქსირონ მომარაგების პრობლემა, მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა და აღდგენა, მრიცხველის შემოწმება, გადაამოწმონ დარიცხვა. კომუნალური მომსახურებების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის სხვა სერვისებთან ერთად. ხოლო ამ ახალი მომსახურებით კი, გაუჩნდათ შესაძლებლობა მომსახურე კომპანიიდან არასასურველი პასუხის ან მომსახურების შემთხვევაში, იქვე (იმავე სივრცეში) დააფიქსირონ მომსახურებაზე უკმაყოფილება და მიმართონ მარეგულირებელ კომისიას საკითხის შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით.
ბოლო მონაცემებით, იუსტიციის სახლში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური სერვისებით, საქართველოს მასშტაბით 90,982 მოქალაქემ ისარგებლა.