6.04.2022 რელიზი

6 აპრილი, 2022

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში ქუთასის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მარეგულირებელი კომისია გამოხატავენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ უნივერსიტეტის სტუდენტებს კომისიაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში. მხარეები ითანამშრომლებენ სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საკითხთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების მოსამზადებლად, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოსაწყობად.

„მოხარული ვარ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი როგორც განათლების მიღებისა თუ კვლევების წარმოების, ასევე სტუდენტებისათვის სწავლის პროცესში შესაბამისი გარემოს შექმნის კუთხითაც. როგორც მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, გამოვთქვამ მზადყოფნას მივცეთ დამატებითი შესაძლებლობები სტუდენტებს, რათა მათ გაიარონ სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკა კომისიაში, ადგილზე გაეცნონ მარეგულირებლის სპეციფიკას, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების პრინციპებს. ვფიქრობ, აღნიშნული კიდევ დაეხმარება სამომავლო კარიერული მიზნების უკეთ ჩამოყალიბებაში იმ სტუდენტებს, რომლებიც ენერგეტიკის ან წყალმომარაგების სექტორებში გეგმავენ საქმიანობას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.