8.11.2023 რელიზი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გაზგამანაწილებელი კომპანია შპს „მამედი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 150000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზს წარმოადგენს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის შეუსაბამო ქვითრის წარდგენა და მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის, კომისიის მიერ დადგენილ სამომხმარებლო ტარიფზე მეტი ღირებულებით დარიცხვა.
მარეგულირებელი კომისიის მიერ განხორციელებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „მამედი“ მომხმარებელს თვითნებურად არიცხავდა იმაზე მაღალ ტარიფს, ვიდრე კომისიის მიერ არის დადგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია დაჯარიმდა და დაევალა, მომხმარებლისთვის უკან დაებრუნებინა ზედმეტობით დარიცხული თანხები. თუმცა, შპს „მამედმა“ კვლავ გააგრძელა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფზე მეტი ღირებულებით დარიცხვა.
საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „მამედს“ დაევალა მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილ ზღვრულ ტარიფზე მეტად დარიცხული თანხის მომხმარებლისთვის უკან დაბრუნდება და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის წარდგენა კომისიაში.
მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიის მიმართ გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული შესაბამისი სადამსჯელო სანქციები.