9.03.2026 რელიზი

9 მარტი, 2026

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა. დავით ნარმანიამ ისაუბრა მარეგულირებელი კომისიის რეგულაციებსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე. მან ყურადღება გაამახვილა მომხმარებლის ცნობიერების დონის ამაღლების მნიშვნელობაზე.

კონფერენციაზე წარდგენილ პრეზენტაციაში მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ მონაწილეებს გააცნო რეგულირების კუთხით არსებული სიახლეები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე კომისიის მიერ რეაგირების შედეგები.

9-16 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის IV საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება. კვირეულის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და საპარლამენტო უწყებების, საჯარო სექტორის, მარეგულირებელი კომისიების, აკადემიური წრის, ბიზნეს სექტორისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა.