9.09.2024 რელიზი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული პროცესი გულისხმობს მარეგულირებელი კომისიის სპეციალური ჯგუფის მიერ გამანაწილებელი ქსელების ადგილზე შემოწმებას და მდგომარეობის შეფასებას. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიებს გამოსასწორებელი ვადები დაუწესდებათ, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება.
მარეგულირებელი, გამანაწილებელი კომპანიების მიერ შესრულებული ტექნიკური სამუშაოების შეფასების დროს ეყრდნობოდა დამოუკიდებელი ინსპექტირების აკრედიტებული კომპანიების აუდიტს. თუმცა, ერთ-ერთი ასეთი დამოუკიდებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აუდიტი არ აღწერდა რეალურ სურათს და მოიცავდა უხეშ უზუსტობებს, არ ასახავდა კონკრეტულ ობიექტზე არსებულ ხარვეზებს, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი. აღნიშნული აკრედიტებული დამოუკიდებელი ინსპექტირების კომპანიის შესახებ მარეგულირებელმა კომისიამ მიმართა აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც ინსპექტირების კომპანიას აკრედიტაცია მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან შეუჩერდა.
მარეგულირებელი კომისია მუდმივ მონიტორინგს უწევს რეგულირებად სექტორებში სამშენებლო, სარემონტო თუ სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესაბამისობას მოქმედ სტანდარტებთან, რომელიც დამტკიცებული/აღიარებულია საქართველოს მთავრობის მიერ. კომისიის მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირება კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს გამანაწილებელი ქსელების სარეაბილიტაციო პროცესსა და სამუშაოების დროულ, ხარისხიან შესრულებას.









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019