განცხადება

11 თებერვალი, 2022

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, კომუნალური გადასახადების გასაჩივრების შემთხვევაში მიმართონ უშუალოდ მარეგულირებელ კომისიას ან ენერგოომბუდსმენს, შემდგომი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად.

ბოლო დღეების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მოქალაქეებს მოუწოდებს კომუნალური გადასახადის გასაჩივრებისთვის დაუკავშირდნენ პარტიას. ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მოქალაქეებს ჰპირდება საკითხის გასაჩივრებაში დახმარებას. თუმცა, დღემდე მათი მხრიდან არც კომისიაში და არც ენერგოომბუდსმენის სამსახურში მოქალაქეთა კომუნალურ გადასახადებზე განცხადება/საჩივარი არ არის შემოსული.

როგორც მოქალაქეებისთვის ცნობილია, მარეგულირებელი კომისიის სპეციალური ჯგუფი ადგილზე სწავლობს შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ.  აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში გადამოწმდება 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე  პერიოდში ყველა აბონენტზე განხორციელებული დარიცხვა მიუხედავად იმისა, მომხმარებელმა მომართა თუ არა განცხადებით კომისიას.  

თუ მომხმარებელს აქვს სურვილი, რომ მისი განცხადების საფუძველზე მოხდეს კომუნალური მომსახურების კომპანიის მხრიდან განხორციელებული დარიცხვის შესწავლა, მომართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს.  დაკავშირება შესაძლებელია როგორც ქოლცენტრის საშუალებით, ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან), ასევე  Facebook-ზე მარეგულირებელი კომისიის გვერდის საშუალებით. გარდა ამისა, წერილის ან განცხადების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mail@gnerc.org