განცხადება

21 ოქტომბერი, 2022

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ეხმიანება  “მთავარი არხის“  ეთერში გასულ ცრუ ინფორმაციას  დეკემბერში ბუნებრივი გაზის ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით.  “მთავარი არხის“  მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ტარიფის ზრდას არ გამორიცხავს“ არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას.

მიმდინარე წლის ივლისიდან კომისიაში მიმდინარეობს გეგმური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად, მოქმედი ბუნებრივი გაზის ტარიფები დადგენილია მიმდინარე წლის ბოლომდე, საჯარო წარმოების ფარგლებში კომპანიებს ტარიფები დაუდგინდებათ მომდევნო წლებისთვის.

მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტების მიერ ბუნებრივი გაზის ტარიფებზე დასმულ კითხვებთან დაკავშირებით არაერთხელ განაცხადა, რომ არსებული პარამეტრების გათვალისწინებით ბუნებრივი გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის.

„მთავარი არხის“ მიერ გაკეთებული არასწორი ინტერპრეტაცია და წინასწარ გაკეთებული დასკვნები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული მედიასაშუალება კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

მარეგულირებელი კომისია განმარტავს, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემების საფუძველზე ბუნებრივი გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის.