განცხადება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ეხმიანება ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის პოზიციაზე მარეგულირებელი კომისიის თანამშრომლის, ტრისტან ბენაშვილის არჩევასთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიერ მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს ტრისტან ბენაშვილი საბჭოს წევრად არჩევამდე „თვალთმაქცურად“ იყო გადაყვანილი მარეგულირებელ კომისიაში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.
ტრისტან ბენაშვილი კომისიაში სხვადასხვა პოზიციებზე უწყვეტად საქმიანობს 2011 წლიდან. იგი წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მარეგულირებელ კომისიაში მიმდინარე არაერთ პროექტში.
ტრისტან ბენაშვილი პროფესიით იურისტია. მას აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა უწყებებში. მიმდინარე წლის 17 მაისს, ტრისტან ბენაშვილი არჩეულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად.
მარეგულირებელი კომისია, სრული შემადგენლობით, ულოცავს ტრისტან ბენაშვილს ახალ პოზიციაზე არჩევას. უსურვებს მას წინსვლასა და წარმატებებს.