კომისიამ ბუნებრივი გაზისა და ნახშირბადის მონოქსიდის დეტექტორების გამოყენების რეკომენდაციები შეიმუშავა

27 მაისი, 2020

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზისა და ნახშირბადის მონოქსიდის დეტექტორების გამოყენების რეკომენდაციები შეიმუშავა. რეკომენდაციების მიხედვით, დეტექტორი ის ერთადერთი მოწყობილობაა, რომელიც  დახურულ სივრცეში საწყის ეტაპზევე აფიქსირებს გაზისა და СО-ს კონცენტრაციას, ხოლო მათიგარკვეულ დონემდე გაზრდის შემთხვევაში უზრუნველყოფს ხმოვანი და მანათობელი სიგნალის გამოცემას, ასევე გაზის შეწყვეტას.

რეკომენდაციის შესაბამისად, დეტექტორების სამონტაჟო და გამშვები სამუშაოები უნდა შესრულდეს კვალიფიციური სპეციალისტების მიერ. მათი მონტაჟის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ინსტრუქციები და ტექნიკური პასპორტის მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწყობილობამ შესაძლოა ვერ უზრუნველყოს გამართული ფუნქციონირება.

გარდა რეკომენდაციებისა, დოკუმენტში მოცემულია ბუნებრივი გაზის  სექტორში არსებული მდგომარეობის ანალიზი და სტატისტიკური მონაცემები. აღნიშნულია, რომ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების მიერ განხორციელებული გეგმური გამაფრთხილებელი სამუშაოების,ტექნიკური შემოწმებების, მომხმარებელთა ინფორმირებისა  და აღმოჩენილი დარღვევების აღმოფხვრის ღონისძიებების მიუხედავად, ბოლო პერიოდში შეინიშნება უბედური შემთხვევების რაოდენობის მატება.

„მომხმარებელთა მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის შემოწმება და აღმოჩენილი ტექნიკური დარღვევების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება წარმოადგენს იმ უბედური შემთხვევების პრევენციულ ღონისძიებებს, რაც, ძირითადად, გამოწვეულია შიდა ქსელის გაუმართაობით, ასევე, მომხმარებელთა მხრიდან გაზის ხელსაწყო/დანადგარების ექსპლუატაციისა და გაზის უსაფრთხოდ მოხმარების წესების არცოდნითა და უგულებელყოფით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რეკომენდაციები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკის საშუალებით: https://gnerc.org/ge/user-page/natural-gaz/bunebrivi-gazisa-da-nakhshirbadis-monoqsidis-deteqtorebis-gamokenebis-rekomendatsiebi