რელიზი

4 ოქტომბერი, 2018

კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ ბუნებრივი გაზის ბაზრის რეფორმების საკითხებზე მაღალი დონის პოლიტიკურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ განხორციელებული EU4Energy Governance პროექტის „ევროკავშირი ენერგეტიკისთვის მმართველობა“ ფარგლებში ტარდება. 
ორდღიანი ღონისძიების მთავარი თემაა ბუნებრივი გაზის ბაზრის რეგულირება და იმ შესაძლებლობების განხილვა, თუ როგორ უნდა მოხდეს რეფორმირების შედეგად საქართველოს მოსახლეობისა და ბიზნესისთვის მაქსიმალური სარგებლის მოტანის უზრუნველყოფა.

მაღალი დონის პოლიტიკურ დისკუსიაში მონაწილეობენ როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, ბუნებრივი გაზის სექტორის მონაწილეები და სამოქალაქო საზოგადოება.

საქართველომ აიღო ვალდებულება ენერგეტიკული გაერთიანების პროტოკოლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ბუნებრივი გაზის სექტორში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დააახლოების თაობაზე. ევროკავშირის „მესამე ენერგეტიკული პაკეტის“ დანერგვა მოიაზრებს ბუნებრივი გაზის სექტორის რესტრუქტურიზაციას და კონკურენციისთვის გახსნას, ასევე მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი სარგებელის უზრუნველყოფას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბაზრის ახალ მოდელზე უმტკივნეულოდ გადასვლის პროცესი საჭიროებს სექტორის მონაწილეთა ეფექტურ და აქტიურ ჩართულობას, პროცესში მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსიების ორგანიზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.