სიახლე

6 მაისი, 2020

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ახალი ტიპის მომსახურება დანერგა. მობილურ ტელეფონებზე *303# კოდის აკრეფით მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, დაარეგისტრირონ ან წაშალონ მობილურის ნომერი ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის სექტორებში სასურველ აბონენტებზე.

*303#-ით მომსახურება უფასოა. პროგრამით სარგებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისათვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან. მომსახურება ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისთვის და არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას.

*303# მომსახურების დანერგვის ინიციატორია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. ინიციატივის მიზანია, ხელი შეეწყოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ელექტრონული მომსახურების განვითარებას.  

*303#-ით სარგებლობა შეუძლია ყველა პირს, ვისაც ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურების კომპანიებში რეგისტრირებულ კონკრეტულ აბონენტზე მითითებული აქვს საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომრები). გარდა ამისა, თუ მოქალაქეს არ აქვს კონკრეტულ აბონენტზე რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი, *303#-ის საშუალებით შეუძლია შესაბამის აბონენტზე დაარეგისტრიროს საკონტაქტო ინფორმაცია. *303#-ის აკრეფის შემდეგ მომხმარებელი აირჩევს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებიდან ერთ-ერთს. მომხმარებლის ეკრანზე გამოჩნდება ის სააბონენტო ნომრები, სადაც მოქალაქეს აქვს რეგისტრირებული საკონტაქტო მობილურის ნომერი. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ჩამოთვლილი აბონენტის ნომრებიდან ერთ-ერთი და ამ ნომერზე დააფიქსიროს მომარაგების წყვეტა (კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან ოპერატიული რეაგირებისთვის), გაიგოს წყვეტის მიზეზი და დრო, მიმდინარე ბალანსი, არჩეულ აბონენტზე რეგისტრირებული ტელეფონის ნომრები და იქვე წაშალოს არასასურველი, მოითხოვოს ელექტრონული ქვითარი, აუცილებლობის შემთხვევაში გაუგზავნოს კომუნალურ საწარმოს მრიცხველის ჩვენება, გაიგოს საწარმოს მისამართი და ცხელი ხაზის ნომერი.

კომისიის აღნიშნული პროექტის დამუშავებაში საწყის ეტაპზე ჩაერთო საკომუნიკაციო კომპანია მაგთიკომი, რომელმაც შექმნა *303# მომსახურების პროგრამის ფუნქციონალი. მობილური ტელეფონის საშუალებით, კოდით *303# მომხმარებლის წვდომას ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომსახურებებზე უზრუნველყოფენ საკომუნიკაციო კომპანიები სილქნეტი, მაგთიკომი და ბილაინი. 

საბოლოო პროდუქტი შემუშავდა საკომუნიკაციო (მაგთკომი, სილქნეტი და ბილაინი) და კომუნალური კომპანიების ერთობლივი ძალისხმევით.  პროექტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სექტორში მოქმედმა კომუნალური მომსახურების კომპანიებმა:  შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, სს „თელასმა“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“, შპს „თბილისი ენერჯიმ“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“, სს „საქორგგაზმა“, შპს „მცხეთის წყალმა“, შპს „რუსთავის წყალმა“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“.