სიახლე

15 ივლისი, 2020

კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე ზვიად გაჩეჩილაძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ენერგეტიკული ბაზრებისა და ეკონომიკური რეგულირების ახლად შექმნილი კომიტეტის თავმჯდომარედ 2 წლის ვადით აირჩიეს. 

კომიტეტის თავმჯდომარე ვალდებულია შეიმუშაოს კომიტეტის სამოქმედო გეგმა 2 წელის პერიოდზე, უხელმძღვანელოს კომიტეტის სამუშაო პროცესსა და შეხვედრებს, ხელი შეუწყოს სასურველი თემების დამუშავებას, აგრეთვე წარადგინოს კომიტეტი საერთაშორისო ფორუმებზე და შეხვედრებზე.   

ახალი სტრატეგიის მიხედვით, მოხდა ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაციის სრული რეორგანიზაცია და მისი სტრუქტურის ოპტიმიზაცია თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად. გაუქმდა მანადმე მოქმედი კომიტეტები და სამუშაო ჯგუფები და ჩამოყალიბდა: 

  1. ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და ეკონომიკური რეგულირების კომიტეტი;
  2. განახლებადი ენერგიების კომიტეტი
  3. ელექტროენერგეტიკული ბაზრებისა და ეკონომიკური რეგულირების კომიტეტი.
  4. მომხმარებელთა დაცვის სამუშაო ჯგუფი. 

ელექტროენერგიის ბაზრისა და ეკონომიკური რეგულირების კომიტეტი იმუშავებს შემდეგ თემებზე:

  • ბაზარზე კონკურენციის განვითარება- დერეგულირების შედეგები და სუბსიდიების გაუქმება, კონკურენციის გავლენა საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე;
  • რეგულირებას დაქვემდებარებული ინფრასტრუქტურის ეფექტიანობის შეფასების მეთოდები, ეკონომიკური მოდელები და მეთოდოლოგიები;
  • შეფასების ინსტრუმენტების მოქნილობა საბოლოო მომხარებლისთვის და მოთხოვნის მართვის ეფექტურობის ამაღლება;
  • ჭკვიანი ქსელები და ჭკვიანი მრიცხველები და მათი გავლენა ფასების რეგულირებაზე;
  • დეცენტრალიზაცია - განაწილებული გენერაცია და ე.წ. „პროსიუმერების“ როლი ბაზარზე. 

ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) არის უწყებათაშორისი არასამეწარმეო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკის რეგულირების გაუმჯობესებასა და ენერგეტიკის მარეგულირებელთა სტაბილური და ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობას. ასოციაცია 1999 წელს დაარსდა და ამჟამად ის 33 სრულუფლებიან წევრსა და 10 ასოცირებულ წევრს აერთიანებს ევროპის, აზიის, აფრიკისა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებიდან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის დამფუძნებელი წევრია და აქტიურად იღებს მონაწილეობს, როგორც მმართველ ორგანოებში (პრეზიდიუმი), ისე სამუშაო ჯგუფებსა და ტრენინგებში.