24.10.2019 რელიზი

24 ოქტომბერი, 2019

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია შპს „ჩირაღდანი -XXI საუკუნე“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5000 ლარით დააჯარიმა. 

დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენდა ახალი მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პირობების დარღვევა. კომპანია ვალდებული იყო მიერთების საფასური და ვადის განსაზღვრა, ასევე ვადის დარღვევის გამო მიერთების საფასურის განახევრება უზრუნველეყო კომისიის მიერ დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნების დაცვით.  თუმცა, შპს „ჩირაღდანი -XXI საუკუნემ“ ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასური და ვადა თვითნებურად განსაზღვრა. მიუხედავად მიერთების ვადის დარღვევისა, არ გაანახევრა მიერთების საფასური.   ამასთანავე, კომპანია უარს აცხადებდა მიერთების სამუშაოების დასრულებაზე.

კომისიაში შპს „ჩირაღდანი - XXI საუკუნეს“ განემარტა, რომ თუ არ მოხდება კომისიაში გადაწყვეტილების დროული შესრულება, მათ შორის მომხმარებლებისათვის კომპენსაციის გადახდა ან განმეორებით ექნება ადგილი მსგავსი სახის დარღვევებს, კომპანია შეიძლება დაჯარიმდეს 15 000 ლარით.  

ასევე, ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ვადების დარღვევის გამო შპს „თბილისი ენერჯის“ კომპენსაციის სახით შპს „არე ვარკეთისლისთვის“ 14 400 ლარის უკან დაბრუნება დაევალა.

შპს „არე ვარკეთილმა“ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების შესახებ განაცხადით შპს „თბილისი ენერჯის“ მიმართა და მოითხოვა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის (36 ბინა) ქსელზე მიერთება. კომპანიამ მიიღო განაცხადი და იკისრა მასში მოცემული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება. განმცხადებელმა სრულად გადაიხადა მიერთების საფასური, თუმცა, შპს „თბილისი ენერჯიმ“ არ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების ვადებში შესრულება.