23.09.2019 რელიზი
23 სექტემბერი, 2019

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და იტალიის ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომისიის მხრიდან მემორანდუმს ხელი კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა მოაწერა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ განახლებად ენერგიებთან და ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გათვალისწინებულია სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, სადაც მონაწილეები ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ რეგულირებად სექტორებში მომსახურების გაუმჯობესებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის თაობაზე. განხორციელდება ერთობლივი პროექტები ჭკვიანი ქსელისა და ჭკვიანი აღრიცხვის შესახებ.
ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაცია (Gestore dei Servizi Energetici - GSE S.p.A) არის იტალიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მმართველობაშია. ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაციის ფუნქციას წარმოადგენს განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ენერგიის წარმოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი წამახალისებელი ღონისძიებების გატარება.