14.11.2019 რელიზი

14 ნოემბერი, 2019

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 14 ნოემბრის საჯარო სხდომაზე  შპს „გაზტრანს სერვისი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარით დააჯარიმა. შპს „გაზტრანს სერვისი“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატია და ბუნებრივი გაზით ამარაგებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს  - კაპანახჩს, პირველ და მეორე ქესალოს.  

დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს შპს „გაზტრანს სერვისის“ მიერ, როგორც განაწილების ლიცენზიატზე დაკისრებული არაერთი მოთხოვნის შეუსრულებლობა. ერთ-ერთ ძირითად დარღვევას წარმოადგენს კომპანიის მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა -  კომპანია მომხმარებელს არ უწევს სათანადო მომსახურებას, არ გააჩნია ოფისი, სადაც დაინტერესებული პირები შეძლებენ შეუფერხებლად მიმართონ კომპანიას და მიიღონ საჭირო მომსახურება. გარდა ამისა, შპს „გაზტრანს სერვისის“ მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგებები, ხოლო კომისიის ელექტრონულ ჟურნალში არ არის ატვირთული მოთხოვნილი ინფორმაცია. ასევე, კომპანია არ იხდის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულირების საფასურს.

საჯარო სხდომაზე შპს „გაზტრანს სერვისს“ განემარტა, რომ თუ არ მოხდება დარღვევების აღმოფხვრა ერთი თვის ვადაში, კომპანია დაჯარიმდება 15 000 ლარით.