ახალი პროექტი კომისიაში

19 აპრილი, 2016


   

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ახალი პროექტი დაიწყო. პროექტი „საკონსულტაციო მხარდაჭერა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის“, რომელსაც გერმანული კომპანია „DNV GL - KEMA Consulting GmbH“ განახორციელებს, მოიცავს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზისსექტორებში მოქმედი ნორმატიული აქტების ჰარმონიზებას ევროპის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

პროექტის გახსნას ესწრებოდნენ ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიები, დარგის ექსპერტები. პროექტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა გერმანული კომპანია „DNV GL - KEMA Consulting GmbH“-ის რეგულირებისა და პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, პროექტის ხელმძღვანელმა კონსტანტინ პეტროვმა. სემეკის წევრმა გოჩა შონიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უცხოელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარება კომისიის ნორმატიული აქტების ჰარმონიზების მიმართულებით.

12 თვის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში გერმანული კომპანია „DNV GL - KEMA Consulting GmbH“-ის ექსპერტები კომისიისა თანამშრომლებს რეკომენდაციებს გაუწევენ ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის ქსელებში დანაკარგების მეთოდოლოგიასთან და დანაკარგების შემ¬ცირების მიდგომებთან, მომსახურების ხარისხის რეგულირებასთან, მიწოდების საიმედოობის სავალდებულო სტანდარტებთან, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელთან, სექტორის მონაწილეებისთვის დადგენილი სალიცენზიო წესების გადახედვასა და ლიცენზირებასთან, ინვესტიციების შეფასების ზოგად პრინციპებთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში მოხდება ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის იმპლემენტაცია.