სიახლე

21 ნოემბერი, 2018

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და იუსტიციის სახლი მოქალაქეებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომსახურების გაუმჯობესებულ, მაღალი ხარისხის სტანდარტებს სთავაზობენ. კერძოდ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მომხმარებლებს შეეძლებათ კომპანიებთან ურთიერთობის ნაცვლად, „იუსტიციის სახლში“ ერთი კონტაქტის პრინციპით ისარგებლონ აბონენტად რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებული სერვისებით.

მოქალაქეებისათვის სწრაფი და გამარტივებული მომსახურებების შეთავაზების მიზნით, კომისიამ უზრუნველყო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი შვიდი ყველაზე მსხვილი კომპანიის - თელასი, ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერი, ყაზტრანსგაზ-თბილისი, ენერგო-პრო ჯორჯია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სოკარ ჯორჯია გაზი და საქორგგაზი - პროექტში ჩართულობა. პირველი სერვისი -აბონენტის რეგისტრაციის შეცვლა - იუსტიციის სახლში 21 ნოემბრიდან დაინერგება. მოქალაქეებს შეეძლებათ უძრავი ქონების დარეგისტრირებისთანავე მოითხოვონ აბონენტად რეგისტრაციის ცვლილება.

თბილისის იუსტიცის სახლში ახალი სერვისის პრეზენტაცია იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა და კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ გამართეს.

„კომისია მუდმივად ზრუნავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. აღნიშნული სიახლით, მომხმარებელი მიიღებს მაღალი ხარისხის მომსახურებას. დროთა განმავლობაში, იგეგმება რომ გარდა სააბონენტო რეგისტრაციის საკითხებისა, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული სხვა მომსახურებებიც, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია მხოლოდ კომპანიების ოფისებში, ერთიანად განთავსდეს „იუსტიციის სახლში“, - ამბობს ირინა მილორავა.

მიმდინარე წელს, კომისიას, „იუსტიციის სახლს“, „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა“ და „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ შორის გაფორმდა „სხვადასხვა სახის მომსახურებათა განვითარების თაობაზე განზრახულობათა მემორანდუმი“. უწყებებს შორის თანამშრომლობის მიზანია ხელი შეეწყოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში სწრაფი და ეფექტური მომსახურებების განვითარებას.