საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გენდერული თანასწორობის სტრატეგია
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) გენდერული თანასწორობის სტრატეგია (შემდგომში - სტრატეგია) ადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის ძირითად გარანტიებს, ითვალისწინებს საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას გენდერული თანასწორობის სფეროში. კომისია ახორციელებს ძალისხმევას კომისიაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დასამკვიდრებლად და უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის უფლებებისა და თავისუფლებების თანასწორობის მიღწევის მიზნით შესაბამისი სტრატეგიის გატარებას.
- 2. სტრატეგია ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, „გენდერული თანასწორობის შესახებ“, „ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“ და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონებს, ასევე „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და „შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ“ კონვენციებს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-100 კონვენციას „მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ“, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №2545- Xრს-Xმპ დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციას“ და 2023 წლის 23 მარტის №2662-XIმს-Xმპ დადგენილებით დამტკიცებულ „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას“, „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების წესსა“ და საქართველოს სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
- 3. სტრატეგიის მოქმედება ვრცელდება და მისი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა კომისიაში დასაქმებულ ნებისმიერ პირზე.
- 4. სტრატეგიაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ სამართლებრივ აქტებში.
მუხლი 2. სტრატეგიის არსი
- 1. სტრატეგია არის კომისიის ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას კომისიაში. იგი მოიცავს გენდერულ თანასწორობაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებას, ამ ხარვეზების გამომწვევი მიზეზების ანალიზსა და მათ აღმოსაფხვრელად ღონისძიებების შემუშავებას.
- 2. გენდერული თანასწორობის სტრატეგია მოიცავს:
ა) არსებული მდგომარეობის ანალიზს (მონაცემების შესწავლა გენდერული თანასწორობის ხარვეზების შესახებ), რომელმაც უნდა გამოავლინოს ხარვეზების ძირითადი მიზეზები და მათი გავლენა კომისიაში დასაქმებულებზე;
ბ) ანალიზის საფუძველზე კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, აქტუალური და დროში შეზღუდული ამოცანებისა და ინიციატივების დასახვას, რომლებიც აგვარებს გენდერული უთანასწორობის ძირეულ მიზეზებს და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას (გენდერული უთანასწორობის ძირეულ მიზეზებთან ბრძოლა, ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალების რაოდენობის გაზრდა, ანაზღაურების გენდერული ნიშნით განსხვავების დაუშვებლობა, ქალების განათლების გაუმჯობესება, გენდერული პასუხისმგებლობის მქონე პროგრამების განხორციელება, დასაქმებულების ტრენინგი გენდერულ საკითხებზე, გენდერული ბალანსის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღებისას ან გენდერული ძალადობის აღმოფხვრა);
გ) მონიტორინგს და პროგრესის შეფასებას, რაც გულისხმობს მონაცემთა შეგროვებას, ქმედებების, ინტერვენციებისა და კორექტირებების განხორციელებას;
დ) რესურსების მობილიზაციას ამოცანებისა და ინტერვენციების დასაფინანსებლად, რაც შეიძლება ითვალისწინებდეს არსებული რესურსების გამოყენებას, პარტნიორობის ძიებას და კომისიის ბიუჯეტიდან დაფინანსების გაზრდას.
- 3. სტრატეგიის არსის გათვალისწინებით, კომისიისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, რომელიც გამოხატულია უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განსხვავებული აღიარებით, შესაძლებლობების არათანაბარი წარმოჩენით, შესუსტებით ან უარყოფით და ხორციელდება პირდაპირი ან ირიბი ფორმით. დისკრიმინაციის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით კომისია უზრუნველყოფს დასაქმებულებისადმი თანაბარ მოპყრობას, რომელიც გამოხატულია თანასწორი შესაძლებლობების შექმნით და თანასწორი უფლებების რეალური გამოყენების საშუალებით.
მუხლი 3. სტრატეგიის მიზნები
- სტრატეგიის მიზანია კომისიაში გენდერული თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და ინტეგრირების ხელშეწყობა, კერძოდ, ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნა, დისკრიმინაციის ყველა ფორმის პრევენცია და აღმოფხვრა, გენდერული ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა, უფრო სამართლიანი და თანასწორი გარემოს შექმნა ყველა დასაქმებულისთვის.
- სტრატეგიის მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებებია:
ა) თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებისა და უნარების განვითარების/გაძლიერების მხარდაჭერა ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე; სქესის ნიშნით დანაწევრებული მონაცემების რეგულარული შეგროვების სისტემის დანერგვა;
ბ) გენდერული თანასწორობის საკითხებზე ეფექტიანი თანამშრომლობისა და კომუნიკაციის მექანიზმის დანერგვა;
გ) სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის სხვა შესაძლო ფორმების გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე რეაგირების მოხდენა, საჩივრების მიღება - განხილვის ეფექტიანი მექანიზმის იმპლემენტაცია და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება.
მუხლი 4. სტრატეგიის ძირითადი პრინციპები
- სტრატეგიის ძირითადი პრინციპებია:
ა) გენდერული თანასწორობის გაძლიერება და დაცვა;
ბ) გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ერთგულება;
გ) ადამიანის უფლებების პატივისცემა;
დ) დისკრიმინაციის, მათ შორის სექსუალური შევიწროების, პრევენცია და აღმოფხვრა;
ე) არადისკრიმინაცია და თანაბარი შესაძლებლობების გარანტირება.
- გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და დაცვის პრინციპი გულისხმობს გენდერული მეინსტრიმინგის გათვალისწინებას კომისიის პოლიტიკის შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესებში, სქესის ნიშნით დანაწევრებული მონაცემების შეგროვებას და ანალიზს, რაც საშუალებას მისცემს კომისიას, შეაფასოს კომისიაში დასაქმებულთა გენდერული ბალანსი, მათ შორის, თანამდებობრივი იერარქიის მიხედვით.
მუხლი 5. კომისიის გარანტიები
- 1. კომისია მხედველობაში იღებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და მისი სპეციალიზებული დაწესებულებების ეგიდით მიღებულ საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც ხელს უწყობს მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობას.
- 2. კომისია ემიჯნება საზოგადოებაში დღემდე გავრცელებულ ყველა იმ სტერეოტიპს, ცრურწმენასა თუ ჩვეულებას, რომლებიც არღვევს მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობას და ემყარება ერთ-ერთი სქესის არასრულფასოვნების ან უპირატესობის იდეას.
- 3. კომისია იღებს ყველა შესაბამის ზომას, რომ უზრუნველყოს კომისიაში დასაქმებული ქალები შესაძლებლობით, კომისიაში დასაქმებული მამაკაცის თანასწორი პირობებით და დისკრიმინაციის გარეშე, მონაწილეობდნენ კომისიის პარტნიორი ორგანიზაციების მუშაობაში საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე.
- 4. კომისია ახორციელებს სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოს:
ა) ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე კომისიაში დასაქმებულების ცნობიერების ამაღლება;
ბ) გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა;
გ) გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შესახებ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება;
დ) გენდერული დისკრიმინაციის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის სპეციალური ღონისძიებების პერიოდულად შემუშავება და განხორციელება;
ე) კომისიაში დასაქმებულებისთვის გენდერულად მგრძნობიარე სერვისების დანერგვა და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ვ) გენდერული თანასწორობის საკითხებზე კვლევების განხორციელებისა და ამ საკითხების სწავლების განვითარების მხარდაჭერა.
- 5. გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით კომისიაში უზრუნველყოფილია ქალისა და მამაკაცის:
ა) თანასწორი ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები;
ბ) თვითრეალიზების თანაბარი შესაძლებლობა;
გ) თანამდებობის დაკავება პროფესიული ნიშნის, უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
დ) თანამდებობრივი დაწინაურება, აგრეთვე ყველა სამსახურებრივი შეღავათითა და პირობით სარგებლობა;
ე) პროფესიული მომზადება/გადამზადება, სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება;
ვ) თანასწორი მოპყრობა მუშაობის ხარისხის შეფასებისას;
ზ) ღირსეული შრომის პირობები და ეფექტიანი დასაქმება;
თ) ღირსეული ანაზღაურება;
ი) კომისიაში დაცული საჯარო ინფორმაციის მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობა;
კ) კომისიის საქმიანობაში თანაბარი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.
- 6. გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება უნდა ეხებოდეს ისეთ თემებს, როგორიცაა გენდერული დისკრიმინაციის, ზიანის მომტანი გენდერული სტერეოტიპების/პრაქტიკის და პატრიარქალური კულტურის გავლენა და შედეგები; ერთი სქესის უპირატესობა მეორის მიმართ; ქალთა დაქვემდებარებული, სტერეოტიპული როლი და გენდერული უთანასწორობა.
- 7. შრომითი მოვალეობების შესრულებისას დასაშვებია სქესის ნიშნით კომისიაში დასაქმებულთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება ან/და მათთვის უპირატესობის მინიჭება, რაც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კომისიის საქმიანობის მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება.
მუხლი 6. სტრატეგიის მონიტორინგი. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი კომისია
- 1. სტრატეგიის მოთხოვნების შესრულების მიზნით კომისიაში იქმნება გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს კომისიაში გენდერული თანასწორობის დაცვის მონიტორინგს და რეაგირებას ახდენს გენდერული თანასწორობის დარღვევაზე.
- 2. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე და წევრები, აგრეთვე კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი და ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი.
- 3. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ კომისიას თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე.
- 4. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის ხმა.
- 5. გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ კომისიაში შეტყობინების მიღების შემთხვევაში დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს კომისიის შრომის შინაგანაწესის შესაბამისად.
- 6. გენდერული თანასწორობის საქმის სამართალწარმოებისას დოკუმენტბრუნვა ხორციელდება კომისიის საქმისწარმოების წესის შესაბამისად.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
- 1. სტრატეგიის ამოქმედებით შექმნილად ითვლება მე-6 მუხლით გათვალისწინებული გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი კომისია.
- 2. სტრატეგიის მიზნებიდან და ამოცანებიდან, ასევე კომისიის გარანტიებიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის საკითხებზე შესაბამისი კითხვარის მომზადებას, კვლევის ჩატარებას, შედეგების ანალიზს, შესაძლო ხარვეზების გამოვლენას და შესაბამისი რეკომენდაციების გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი კომისიისთვის მომზადებას.
- 3. გენდერული თანასწორობის სფეროში სტრატეგიით გათვალისწინებული საგანმანათლებლო მოდულებისა და პროფესიული გადამზადების პლატფორმის შექმნას, სასწავლო მასალის მომზადებას და შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებას უზრუნველყოფს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტი ა(ა)იპ „ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა“ და სხვა დაინტერესებულ ქართულ და უცხოურ არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.
- 4. სტრატეგიის მოთხოვნების მონიტორინგის შედეგად განხორციელებულ ღონისძიებათა ქმედითობის შეფასება და სტრატეგიის გადახედვა-განახლება მოხდება რეგულარულად (გეგმურად ან არაგეგმურად), ახალი გარემოებების გათვალისწინებით, შექმნილი საჭიროებების შესაბამისად.