რა არის დომინანტური მდგომარეობა?
დომინანტური მდგომარეობა არის შესაბამის ბაზარზე საწარმოს ისეთ მდგომარეობა, რომელიც მას საშუალებას აძლევს, იმოქმედოს კონკურენტი საწარმოებისგან, ბაზრის მონაწილეებისა და საბოლოო მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზარზე პროდუქტის/მომსახურების მიმოქცევაზე და შეზღუდოს კონკურენცია.
როგორ დგინდება დომინანტური მდგომარეობა?
დომინანტური მდგომარეობა დგინდება საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, საბაზრო წილის, ბაზარზე შესვლის და საქმიანობის გაფართოების ბარიერების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხის შეფასებით.
რა ქმედებების განხორციელება ეკრძალება დომინანტური მდგომარეობის მქონე საწარმოს?
დომინანტური მდგომარეობის ფლობა თავისთავად აკრძალული არ არის. აკრძალულია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც, შესაძლოა, გამოიხატოს:
ა) შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენაში (ფიქსირებაში);
ბ) წარმოების, ბაზრის ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებლის ინტერესების საზიანოდ შეზღუდვაში;
გ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესებაში, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;
დ) გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრებაში, რომელიც არც საგნობრივად და არც კომერციულად დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან და სხვა.
სანქციები
საწარმოს მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება გამოიწვევს მის დაჯარიმებას „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.