რა არის კონცენტრაცია?
კონცენტრაცია არის:
ა) ორი ან ორზე მეტი დამოუკიდებელი საწარმოს შერწყმა, რის შედეგადაც ერთი საწარმო წარმოიქმნება;
ბ) ფასიანი ქაღალდების ან წილის შეძენით, ხელშეკრულებებით ან სხვა საშუალებებით ერთ ან რამდენიმე საწარმოზე პირდაპირი ან ირიბი, სრული ან ნაწილობრივი კონტროლის მოპოვება;
გ) ერთობლივი საწარმოს შექმნა, თუ იგი ხანგრძლივად ასრულებს დამოუკიდებელი საწარმოს ყველა ფუნქციას.
როგორი კონცენტრაციაა დაუშვებელი?
დაუშვებელია კონცენტრაცია, რომელიც ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს, მისი ნაწილის ან ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ენერგეტიკულ ბაზარზე.
თუ კონცენტრაცია იწვევს დომინანტური მდგომარეობის წარმოქმნას ან გაძლიერებას, ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონცენტრაციაში მონაწილე საწარმო/წყალმომარაგების ლიცენზიატი დაასაბუთებს საწინააღმდეგოს.
რა არის კონცენტრაციის კონტროლი და როგორ ხორციელდება ის?
კონცენტრაციის კონტროლი არის სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც მარეგულირებელს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ, ოპერაციის განხორციელებამდე შეაფასოს დაგეგმილი კონცენტრაციის ეფექტი კონკურენტულ გარემოზე.
კონცენტრაციის კონტროლი ხორციელდება კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული შეტყობინების წარდგენის, კომისიის მიერ მისი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების გზით.
რა შემთხვევაშია კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენა სავალდებულო?
კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილე საწარომების/წყალმომარაგების ლიცენზიატების ერთობლივი წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე ან/და ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ტერიტორიაზე აღემატება 20 მილიონ ლარს და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი საწარმოდან/წყალმომარაგების ლიცენზიატიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.
ვინ თავისუფლდება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან?
კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება წყალმომარაგების სექტორში განხორციელებული კონცენტრაციის მონაწილე ის წყალმომარაგების ლიცენზიატი, რომელიც თვითონ ან თავისი საქმიანობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ არ არის დაკავშირებული ენერგეტიკული ბაზრის მონაწილესთან/ენერგეტიკულ საქმიანობასთან.
ვინ წარადგენს კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას?
კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას წარადგენს:
ა) ფასიანი ქაღალდების ან წილის შეძენის, ხელშეკრულებებით ან სხვა საშუალებებით კონტროლის მოპოვების შემთხვევაში - შემძენი ან/და კონტროლის მომპოვებელი პირი;
ბ) შერწყმის/გაერთიანების შემთხვევაში - ტრანზაქციის ყველა მონაწილე, ერთობლივი შეტყობინების წარდგენის გზით;
გ) ერთობლივი საწარმოს შექმნის შემთხვევაში - ტრანზაქციის ყველა მონაწილე, ერთობლივი შეტყობინების წარდგენის გზით.
სანქციები
კონცენტრაციის კონტროლთან დაკავშირებით კანონმდებლობის მოთხოვნათა დაუცველობა გამოიწვევს კონცენტრაციის მონაწილე საწარმოების/წყალმომარაგების ლიცენზიატების დაჯარიმებას „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელებული კონცენტრაციის შემთხვევაში, კომისია, ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, ითხოვს კონცენტრაციის გაუქმებას, თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით.
თუ კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა მისი გაუქმების გზით შეუძლებელია, კომისიას უფლება აქვს, თავად მიიღოს ნებისმიერი სხვა შესაბამისი ზომა კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებულ მდგომარეობაში შეძლებისდაგვარად დასაბრუნებლად.