რა არის შიდა ინფორმაცია?
ინფორმაცია კლასიფიცირდება როგორც შიდა ინფორმაცია, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
- წარმოადგენს წესებით განსაზღვრული ინფორმაციის სახეებიდან ერთ-ერთს
- აკმაყოფილებს რემიტის ფარგლებში განსაზღვრულ 4 კუმულაციურ კრიტერიუმს
საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის მიზნებისათვის, წესებით განსაზღვრულია ინფორმაციის შემდეგი სახეები:
- ინფორმაცია, რომლის გამოქვეყნებაც მოთხოვნილია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითს, მის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტებით, ამ წესებისა და კომისიის მიერ მიღებული სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
- ინფორმაცია, რომელიც ეხება ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის წარმოების, შენახვის, მოხმარებისა და გადაცემისათვის საჭირო სიმძლავრის ან საწარმოო საშუალებების გამოყენებას, მათ შორის გათხევადებული ბუნებრივი გაზისთვის და ამ საწარმოო საშუალებების გეგმურ და არაგეგმურ ხელმიუწვდომლობას;
- ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც მოთხოვნილია ენერგეტიკული გაერთიანების ან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის ბაზრის წესებით, ამ წესებითა და კომისიის მიერ მიღებული სხვა სამართლებრივი აქტებით, ხელშეკრულებებითა და საბაზრო პრაქტიკით, რამდენადაც ამ ინფორმაციამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედებს საბითუმო ენერგოპროდუქტების ფასებზე.
- სხვა ინფორმაცია, რომელსაც საწარმო გამოიყენებდა საბითუმო ენერგოპროდუქტებზე გარიგებების დადებისას ან ვაჭრობისას, გადაწყვეტილებების მისაღებად.
წესების თანახმად, შიდა ინფორმაცია კი განისაზღვრება შემდეგი 4 კრიტერიუმით:
შიდა ინფორმაცია არის ზუსტი ინფორმაცია (1), რომელიც პირდაპირ ან არაპირაპირ არის დაკავშირებული ერთ ან მეტ საბითუმო ენერგოპროდუქტთან (2), არ არის საჯაროდ გამოქვეყნებული (3) და მისი გასაჯაროების შემთხვევაში, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ენერგოპროდუქტების საბითუმო ფასებზე (4).
ბაზრის მონაწილეების პასუხისმგებლობაა რომ დაადგინონ, ინფორმაცია რასაც ფლობენ არის თუ არა შიდა ინფორმაცია ზემოხსენებული ოთხი კუმულაციური პირობის გათვალისწინებით და წესების მოთხოვნების შესაბამისად გაასაჯაროვონ.
შიდა ინფორმაცია ბაზრის მონაწილეებს შორის ქმნის ასიმეტრიულ ინფორმაციას. ინფორმაციის გამჟღავნება/ გასაჯაროება უზრუნველყოფს ბაზრის გამჭვირვალობას და ერთიანობას.
შიდა ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება
ბაზრის მონაწილეს შიდა ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება აქვს არა მხოლოდ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, არამედ ბაზრის მონაწილის მშობელი ან მასთან დაკავშირებულ საწარმოსთან მიმართებაშიც.
ამასთან, გასაჯაროების ვალდებულება დაკავშირებულია შიდა ინფორმაციასთან, რომელიც ეხება არა მხოლოდ იმ საქმიანობას, რომელიც აღნიშნული საწარმოს მფლობელობაშია, არამეს იმ საქმიანობასთანაც, რომელსაც აკონტროლებს ან რომლის საოპერაციო საკითხებზეც საწარმო მთლიანად ან ნაწილობრივ არის პასუხისმგებელი.
გასაჯაროება ეხება ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის წარმოების, შენახვის, მოხმარებისა და გადაცემის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ტექნიკური შესაძლებლობებისა და მათი გამოყენების, მათ შორის, გეგმური და არაგეგმური ხელმიუწვდომლობის შესახებ ინფორმაციას.
შიდა ინფორმაციის გამჟღავნების ვავლდებულება არ ეხება პირს ან საწარმოს ვინც ფლობს შიდა ინფორმაციას სხვა ბაზრის მონაწილის ან მისი საქმიანობის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ ინფორმაციის მფლობელი არ წარმოადგენს მშობელ ან დაკავშირებულ საწარმოს.
შიდა ინფორმაციის გამოქვეყნება
საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეების მიერ ელექტროენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებული შიდა ინფორმაციის გასაჯაროება ხდება ენერგეტიკული ბირჟის ვებგვერდზე: umm.genex.ge
შიდა ინფორმაცია, შესაძლოა, დამატებით ასევე გასაჯაროვდეს საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის შესაბამისი მონაწილის ვებგვერდზე ან სხვა საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდზე.
საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილემ დროულად უნდა გაასაჯაროოს მის ხელთ არსებული შიდა ინფორმაცია, ACER– ის სახელმძღვანელოს მიხედვით, ”დროულად” ჩვეულებრივ ნიშნავს რაც შეიძლება მალე, მაგრამ არა უგვიანეს ერთი საათი, თუ წესებში სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ნებისმიერ შემთვევაში შიდა ინფორმაციის გამოქვეყნება უნდა მოხდეს მანამ სანამ იმ საბითუმო ენერგოპროდუქტებით ვაჭრობა განხორციელდება, რასაც ეხება ეს ინფორმაცია ან რეკომენდაცია გაეწევა სხვას, რომ ივაჭროს იმ საბითუმო პროდუქტით, რომელსაც ეხება ეს შიდა ინფორმაცია.
დაყოვნებით გამოქვეყნება
წესების 53 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამონაკლის შემთხვევებში, საწარმო უფლებამოსილია დააყოვნოს შიდა ინფორმაციის გასაჯაროება საკუთარი პასუხისმგებლობით, ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს საზოგადოების ინტერესს და ამ ქმედებით შეცდომაში არ შეიყვანოს საზოგადოება, იმ პირობით, რომ იგი უზრუნველყოფს შიდა ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას და ამ ინფორმაციას არ გამოიყენებს საბითუმო ენერგოპროდუქტებით ვაჭრობისას გადაწყვეტილებების მისაღებად. ასეთ შემთხვევაში, საწარმომ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია კომისიას, დროულად გასაჯაროების შეფერხების დასაბუთებასთან ერთად.
ამასთან, საწარმო უფლებამოსილია დააგვიანოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან და მათი დაცვის გაუმჯობესების საჭიროების შეფასებასთან დაკავშირებული სენსიტიური ინფორმაციის გამოქვეყნება, თუ აღნიშნული გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილემ შეტყობინება შიდა ინფორმაციის გასაჯაროების დაყოვნების შესახებ კომისიას უნდა წარუდგინოს წესების დანართის №1.7 შესაბამისად.