განახლებადი ენერგიები
განახლებადი ენერგიის ათვისება
საქართველოში არსებული ელექტროენერგეტიკული რესურსების ეფექტიანად გამოყენების, ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და მდგრადობის, ასევე ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორის სამომავლო განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება წყლისა და სხვა ტიპის განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისების პოლიტიკა და, შესაბამისად, არსებული საკანონმდებლო ბაზის განახლება და დაახლოება ევროკავშირის დირექტივებთან.
განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიება და სრულად ათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მოთხოვნისა და მიწოდების უკანასკნელი ტენდენციების, ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.
არსებული კვლევების საფუძველზე, საქართველოში ქარის რესურსების ჯამური სავარაუდო პოტენციალი 1,450 მეგავატია, ხოლო მათი საშუალო წლიური გამომუშავება – 4,160 მლნ.კვტ.სთ. ასევე, აღსანიშნავია საქართველოში არსებული მზის ენერგიისა და გეოთერმული რესურსების პოტენციალიც, რომელთა გამოყენება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და შეამცირებდა იმპორტზე დამოკიდებულებას.
ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე მიერთების ოქმის ხელმოწერის შემდეგ, საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარების კუთხით. სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია აქტიურადაა ჩართული აღნიშნულ პროცესში რეფორმების წარმატებით განხორციელებისა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით.
საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებსაც სახელმწიფომ და სექტორის მონაწილეებმა ხელი უნდა შეუწყონ, ესენია:
- საქართველოს განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება, რაც ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების განხორციელებით დამატებითი სიმძლავრეების შექმნის შესაძლებლობას იძლევა, ყოველივე ეს კი უზრუნველყოფს იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას;
- საქართველოს სუფთა ენერგიის წარმოების და ამ ენერგიით ვაჭრობის რეგიონალურ ცენტრად გადაქცევა;
- ენერგოეფექტიანობისადმი ერთიანი მიდგომის შემუშავება და განხორციელება. აღნიშნული მიმართულება გულისხმობს ენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილებისა და მოხმარების სწორ მართვას, მათ შორის, ენერგოეფექტიანობის პროგრამების განხორციელებას, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციაში.
2030 წლისთვის დადგენილი ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის საქართველოს ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლები |
|
ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლები |
|
ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი (2019) |
ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლები (2030) |
29.5% |
35% |
ნეტო აღრიცხვა საქართველოში
კანონმდებლობა:
საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 24 ივნისს დამტკიცებული დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ https://matsne.gov.ge/document/view/2894951?publication=0
„განახლებადი ენერგიის შესახებ“ საქართველოს კანონი https://matsne.gov.ge/document/view/4737753?publication=0
„განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა“