კომისიის მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის მიერთებაზე დადგენილია ერთი კონტაქტით სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურების სტანდარტი. მომსახურება ფასიანია. აღსანიშნავია, რომ 0,4 კვ (380/220ვ.) და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სამუშაოები რეგულირებული მიერთების ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ.
პირველ რიგში, თქვენ უნდა აირჩიოთ მომსახურების პაკეტი და მიმართოთ შესაბამის სისტემის ოპერატორს გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადით. ასევე, განაცხადით შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის სახლს
განაცხადის წარდგენამდე თქვენ უნდა გადაიხადოთ განაცხადში მითითებული გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის 50%. დარჩენილ თანხას გადაიხდით ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან შემდეგ ვადებში:
- საყოფაცხოვრებო მომხმარებელი – 20 დღის განმავლობაში;
- არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი – 10 დღის განმავლობაში;
- გამანაწილებელ ქსელთან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთების შემთხვევაში მიერთების მსურველმა (განმცხადებელმა) განაცხადის წარდგენამდე სრულად უნდა გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური.
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით, მასზე სისტემის ოპერატორის მიერ დადგინდება ხარვეზი. ამასთან, სისტემის ოპერატორი ვალდებულია:
- განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და კომისიის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდოთ განცხადების მიღებისთანავე, დაიწყოს მისი შესწავლა და 5 დღის ვადაში გაცნობოთ, დაკმაყოფილდება თუ არა თქვენი მოთხოვნა;
- უარის მიღების შემთხვევაში დაგიბრუნოთ უკვე გადახდილი ახალი ობიექტის მიერთების საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში (განაცხადში მითითებულ ანგარიშზე). თქვენ უფლება გაქვთ განმეორებით მიმართოთ კომპანიას მოთხოვნით.
რეგულირებული მიერთების ფარგლებში, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს თქვენს კუთვნილ ტერიტორიამდე მიერთებისთვის საჭირო ყველა სამუშაოსა და ხარჯს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს), მათ შორის, გამანაწილებელი ქსელის გაყვანას, საშუალებების შეძენას, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, მის შესრულებასთან დაკავშირებულ თანხმობის ან ნებართვის მოპოვებას და ყველა სახის საჭირო მოქმედებასა და სამუშაოს (აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების ჩათვლით). ამ პროცესში თქვენ მონაწილეობას არ იღებთ.
დაუშვებელია თქვენ მიერ მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და გამანაწილებელ ქსელზე მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. ასევე თქვენ არ ხართ ვალდებული გამანაწილებელ სისტემის ოპერატორს წარუდგინოთ რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა).
თუ თქვენ ხართ 0,220 კვ, 0,380კვ და 6/10კვ ძაბვის ახალი მომხმარებელი, სისტემის ოპერატორი ვალდებულია გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს იმ ტერიტორიულ საზღვრებში, სადაც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას:
ა) 0,4 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში – არსებული 0,4 ან 6-10 კვ გამანაწილებელი ქსელიდან 600 მ-ის რადიუსში;
ბ) 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში – არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 6 კმ-ის რადიუსში.
ერთი კონტაქტით მიერთების სტანდარტი გულისხმობს განაცხადის მიღების შემდეგ ლიცენზიატის მიერ სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებას კომისიის მიერ დადგენილ ვადაში. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ ვადაში სამუშაოების დაუსრულებლობის შემთხვევაში მიერთების საფასური ნახევრდება, ვადის განმეორებით გადაცილებისას - ნულდება, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი გადაცილებისათვის კომპანია ვალდებულია გადაგიხადოთ კომპენსაცია მიერთების საფასურის 50%-ის ოდენობით.







GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019