კომისიის მიერ ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის/სადგურის (შემდგომში როგორც: დამტენი სადგური) გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე დადგენილია ერთი კონტაქტით სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურების სტანდარტი.
0.4 კვ (380/220 ვ) და 6/10 კვ ძაბვაზე დამტენი სადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური წარმოადგენს ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურის 50%-ს, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ დამტენი სადგური გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შეღავათიანი პირობები ვრცელდება მხოლოდ იმ დამტენი მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომლის სარგებლობაც არ იზღუდება პირთა წრისთვის და არ არის განკუთვნილი მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის.
თუ თქვენ გსურთ დამტენი სადგურის მიერთება, მაშინ ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი სადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნის განაცხადით უნდა მიმართოთ შესაბამის სისტემის ოპერატორს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (წერილობით). ასევე, განაცხადით შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის სახლს. განაცხადის წარდგენამდე თქვენ უნდა გადაიხადოთ განაცხადში მითითებული გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის 50%, ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოთ ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით, მასზე სისტემის ოპერატორის მიერ დადგინდება ხარვეზი.
თქვენ არ ხართ ვალდებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს წარუდგინოთ რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა).
ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კომისიის მიერ დადგენილ ვადაში სამუშაოების დაუსრულებლობის შემთხვევაში საფასური ნახევრდება, ვადის განმეორებით გადაცილებისას - ნულდება, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი გადაცილებისათვის კომპანია ვალდებულია გადაუხადოს მიერთების მსურველს კომპენსაცია საფასურის 50%-ის ოდენობით.







GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019