თუ თქვენ (ერთი მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი) ფლობთ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს და გსურთ გამანაწილებელ ქსელთან მიერთება, გამანაწილებელ ქსელთან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის განაცხადით უნდა მიმართოთ შესაბამის სისტემის ოპერატორს. ასევე, განაცხადით შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის სახლს
განაცხადის წარდგენამდე თქვენ უნდა გადაიხადოთ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის 50% (გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას ამ ბმულზე!). დარჩენილი თანხის გადახდა მოგიწევთ სამუშაოების დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდით საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით, მასზე სისტემის ოპერატორის მიერ დადგინდება ხარვეზი. ამასთან სისტემის ოპერატორი ვალდებულია:
- განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და კომისიის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდოთ განცხადების მიღებისთანავე, დაიწყოს მისი შესწავლა და 10 დღის ვადაში გაცნობოთ, დაკმაყოფილდება თუ არა თქვენი მოთხოვნა;
- უარის მიღების შემთხვევაში დაგიბრუნოთ უკვე გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში განაცხადში მითითებულ ანგარიშზე. თქვენ უფლება გაქვთ განმეორებით მიმართოთ კომპანიას მოთხოვნით.
თქვენ არ ხართ ვალდებული გამანაწილებელ სისტემის ოპერატორს წარუდგინოთ რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა.
ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში სამუშაოების დაუსრულებლობის შემთხვევაში საფასური ნახევრდება, ვადის განმეორებით გადაცილებისას - ნულდება, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი გადაცილებისათვის კომპანია ვალდებულია გადაგიხადოთ კომპენსაცია საფასურის 50%-ის ოდენობით.







GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019