გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად, საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სარემონტო მიზნით, ასევე მოძრავი ან/და სეზონური ობიექტის ფუნქციონირებისათვის შესაძლებელია გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთება სტანდარტული ან არასტანდარტული პირობით.
თუ თქვენ გსურთ დროებითი მიერთება, მაშინ დროებითი მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით უნდა მიმართოთ სისტემის ოპერატორს. ასევე, განაცხადით შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის სახლს.
სტანდარტული მიერთების პირობებსა და ღირებულებას განსაზღვრავს სისტემის ოპერატორი. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, თუმცა დროებითი მიერთების სამშენებლო ან სარემონტო მიზნით გამოყენების შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაიზარდოს.
არასტანდარტული მიერთება გულისხმობს ტექნიკური პირობით მიერთებას. მიუხედავად იმისა, სისტემის ოპერატორს აქვს თუ არა განსაზღვრული სტანდარტული პირობა, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ არასტანდარტული მიერთება ტექნიკური პირობის საფუძველზე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს თქვენი განაცხადი და გასცეს დროებითი მიერთების ტექნიკური პირობა, რომელიც შეიცავს არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წერტილს, მისაერთებელი ძაბვის საფეხურსა და სიმძლავრეს.
დროებითი მიერთების ვადის ამოწურვისას, თუ მხარეები ელექტრონულად ან მატერიალურად არ შეთანხმდებით სხვა პირობებზე, სისტემის ოპერატორი ვალდებულია მოგთხოვოთ წესებით დადგენილი გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში შეგიწყვიტოთ მომარაგება.







GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019