საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით, ყოველთვიურად, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად.
მომხმარებელმა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში. რომელიც არ უნდა იყოს ქვითრის წარდგენიდან 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
ქვითარი საცალო მომხმარებელს მიეწოდება ელექტრონულად, შესაბამის სააბონენტო ბარათზე დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით. მოკლე ტექსტური შეტყობინება შედგება დარიცხვის შესახებ ძირითადი ტექსტისა და ბმულისგან, რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია.
ქვითარი მომხმარებელს შეიძლება ასევე მიეწოდოს ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით, შესაბამის ფორმატში. ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით ქვითრის მიწოდების შესახებ მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის უნდა გაფორმდეს შეთანხმება.
ბეჭდური ფორმის ქვითარი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს, თუ უცნობია ამ მომხმარებლის საკონტაქტო ნომერი ან ელექტრონული ფოსტის მისამართი. მომხმარებელს ბეჭდური ქვითარი ყოველთვიურად ასევე უნდა მიეწოდოს მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოთხოვნა განპირობებულია ელექტრონული ქვითრის შეთავაზებული ფორმით მიღების ტექნიკური საშუალებების არქონის ან/და ამ საშუალებებით სარგებლობის უარის შემთხვევაში.
ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია განაწილების ლიცენზიატს მისცეს მითითება საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შესახებ. დავალიანების გადაუხდელობის გამო საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში და უქმე დღეების წინა დღეს. მომარაგების შეწყვეტა ასევე დაუშვებელია 1-ლარამდე დავალიანების შემთხვევაში.
დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა ხორციელდება ამავე წესების შესაბამისად, კერძოდ დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგება განაწილების ლიცენზიანტმა უნდა აღადგინოს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან ან განაწილების ლიცენზიატსა და მოხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 საათში, თუ: გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა კალენდარული დღის 09:00-დან – 16:00 საათამდე („მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე), ხოლო შაბათ-კვირას 09:00-დან – 14:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ), ხოლო შაბათ-კვირას – 14:00 საათის შემდეგ, – მომარაგება უნდა აღდგეს შემდგომი კალენდარული დღის 12:00 საათამდე.
დაუშვებელია საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის საფასურის წინასწარ გადახდის მოთხოვნა.
დაუშვებელია მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ ერთი საცალო მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.
იმ შემთხვევაში, თუ საცალო მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში, მიმწოდებელ შეუძლია მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით (დაუშვებელია აღნიშნული უფლების გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის).







GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019