ნეტოაღრიცხვა

 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის რეგულირება (ე.წ. ნეტო აღრიცხვა)

თუ თქვენ ფლობთ მზის, ქარის, ჰიდრო ან/და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს, შეგიძლიათ პარალელურ რეჟიმში ჩაერთოთ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოთ გამანაწილებელ კომპანიას. ეს საშუალებას მოგცემთ დაიკმაყოფილოთ საკუთარი მოხმარება, დაზოგოთ თქვენი კომუნალური ხარჯები, და მეტიც, მიიღოთ სარგებელი გამანაწილებელი კომპანიისაგან. ასევე, გამოიმუშაოთ სუფთა ენერგია გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე.

ნეტო აღრიცხვა ეს არის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად (რევერსულად) აღრიცხვის პროცესი, რა დროსაც წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია ერთმანეთს ქვითავს.

 

ნეტო აღრიცხვით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, უბნის, დასახლების ან/და სოფლის მაცხოვრებლებს და არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას.  მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური შესაძლოა არ წარმოადგენდეს ამ მომხმარებლ(ებ)ის საკუთრებას და იმყოფებოდეს მის/მათ დროებით მფლობელობაში, ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით.

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოება და წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარება შესაძლებელია სხვადასხვა ადგილას ხდებოდეს, ამისათვის აუცილებელია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური და მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი ერთი და იმავე განაწილების ლიცენზიატის ქსელზე იყვნენ მიერთებული. იმ შემთხვევაში, როცა მოხმარებისა და წარმოების ადგილი სხვადასხვაა, თითოეულ მომხმარებელთან ანგარიშსწორებისათვის მონტაჟდება როგორც რევერსული, ისე ჭკვიანი მრიცხველი. 

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელში ჩასართავად განაცხადით უნდა მიმართოთ გამანაწილებელ კომპანიას. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთება ხორციელდება გამარტივებული პროცედურით - ერთი ფანჯრის პრინციპით. კომპანია ვალდებულია მომხმარებლის ქსელზე მიერთების განაცხადის მიღების შემდეგ მომხმარებელს ან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მომხმარებელთა ჯგუფის მიერ სარგებლობისას, თითოულ მომხმარებელს დაუმონტაჟოს ინდივიდუალური რევერსული ან ჭკვიანი მრიცხველი ანგარიშსწორებისათვის. მომხმარებელთა ჯგუფის ყველა წევრის მოხმარებული და წარმოებული კილოვატსაათების დარიცხვა ერთსა და იმავე დღეს მოხდება, რომლის მიხედვითაც წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია გაიქვითება, ხოლო წლის განმავლობაში დაგროვილ ჭარბ ელექტროენერგიას შეისყიდის გამანაწილებელი კომპანია.  

პროცედურები:

იხილეთ "ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების" მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურთან დაკავშირების მუხლები 

  • თუ თქვენ გსურთ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება, შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართოთ გამანაწილებელ კომპანიას. კომპანია სრული ტექნოლოგიური ციკლით მოგემსახურებათ შესაბამისი საფასურის გადახდის პირობით, რომელიც განსაზღვრულია კომისიის მიერ (იხილეთ „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დანართი №4). განაცხადის წარდგენამდე თქვენ უნდა გადაიხადოთ საფასურის 50%, ხოლო დანარჩენი თანხა სამუშაოს დასრულებიდან 5 დღის ვადაში; (იხილეთ „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ 22 მუხლის მე-4 პუნქტი).
  • განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გამანაწილებელმა კომპანიამ უნდა დაადგინოს განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაცნობოთ ამის შესახებ. თუ კომპანია დადგენილ ვადაში არ მოახდენს რეაგირებას, განაცხადი მიღებულად ჩაითვლება კომპანიის მიერ განაცხადის მიღების დღიდან; (იხილეთ „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ 22 მუხლის მე-5 პუნქტი).
  • ქსელში ჩართვამდე გამანაწილებელმა კომპანიამ უნდა შეამოწმოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელში ჩართვის სქემა და ავტომატური მართვის ტექნიკური გამართულობა. ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით გაცნობოთ. დაუშვებელია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელთან მიერთება ხარვეზის გამოსწორებამდე.

აღრიცხვა:

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ოდენობა აღირიცხება ცალ-ცალკე, ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველით (იხილეთ „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ 21-ე მუხლის მე-8 პუნქტი). 

  • თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურმა ჭარბად გამოიმუშავა ენერგია და თქვენს მიერ ქსელში გადადინებული რაოდენობა აღემატება ქსელიდან მიღებულ ენერგისა, სხვაობა, ანუ ჭარბი ელექტროენერგია, ჩაითვლება მომხმარებლის მიერ ქსელში მიწოდებულ ენერგიად და მომდევნო თვის ქვითარში აისახება კრედიტის სახით;
  • თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და კრედიტის სახით ქვითარში ასახული (გამანაწილებელ ქსელში გადადინებული) ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა ნაკლები იქნება ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, აღნიშნული სხვაობა ჩაითვლება ქსელიდან შესყიდულ ელექტროენერგიად და დაგერიცხებათ შესაბამისი ძავბის/საფეხურის სამომხმარებლო ტარიფით.

ანგარიშსწორება:

  • საანგარიშო წლის (მაისიდან-მაისამდე) ბოლო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგია ჩაითვლება გამანაწილებელი კომპანიის მიერ შესყიდულად. შესაბამისად, კომპანია თქვენთან მოახდენს საბოლოო ანგარიშსწორებას, კომისიის მიერ გამანაწილებელი კომპანიისათვის დადგენილი შესყიდული ელექტროენერგიის ტარიფის შესაბამისად;
  • კალენდარული წლის დამთავრების შემდეგ, ქვითარში კრედიტის სახით ასახული ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიაზე დარიცხული თანხა შესაძლებელია აისახოს თქვენს სააბონენტო ბარათზე და გამოყენებულ იქნეს მომდევნო ანგარიშსწორებისას ან, თქვენივე მოთხოვნის შემთხვევაში, 3 სამუშაო დღის ვადაში კომპანია გადარიცხავს თქვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე;
  • მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ჯგუფის თითოეულ წევრთან ინდივიდუალურად ახდენს ანგარიშსწორებას. თითოულ მომხმარებელს დაუმონტაჟდება ინდივიდუალური რევერსული ან ჭკვიანი მრიცხველი ანგარიშსწორებისათვის. მოხმარებული და წარმოებული კილოვატსაათები ჯგუფის ყველა წევრს ერთსა და იმავე დღეს ინდივიდუალურად დაერიცხება. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია თანაბრად ნაწილდება ჯგუფის წევრებზე, თუ მათ შორის სხვა რაიმე შეთანხმება არ არის;

  • უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ ჭარბი ელექტროენერგიის შესასყიდი ფასია ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის საშუალო საბაზრო ფასი, რომელიც განისაზღვრება კომისიის მიერ, საანგარიშო წლის მონაცემების შესაბამისად. ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის ამოქმედებამდე, კომისიის მიერ განსაზღვრული პირველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს (2021 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით) ჭარბი ელექტროენერგიის შესასყიდი ფასია 2021 წლის პირველი მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გადახდილი ფასი.

განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის საკითხებს განსაზღვრავს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი და ასევე, საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დადგენილება საქართველოს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“. განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობის მიზნით 2016 წელს კანონში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც განისაზღვრა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსი (საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო) და მისი მაქსიმალური სიმძლავრე, აგრეთვე საცალო მომხმარებლის საკუთრებაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ განაწილების ქსელში ელექტროენერგიის მიწოდების პრინციპები. 

ამ ცვლილებების საფუძველზე, კომისიამ ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებში განსაზღვრა მიკროსიმლძავრის ელექტროსადგურის სტატუსი, მისი გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ვადების, საფასურისა (დღგ-ს ჩათვლით) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელთან აღრიცხვა-ანგარიშსწორების წესები.